ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის  საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთი ბრალდებულის  ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ დაცვის მხარე ხედავს საფრთხეს, შესაძლოა,  დანაშაული მხოლოდ ორ არასრულწლოვანს დაბრალდეს.

„დაცვის მხარე დარწმუნებული ვართ, რომ დანაშაული მხოლოდ ორ პირს არ ჩაუდენია. იქ იყო იმაზე მეტი დანა, ვიდრე გამოძიებით არის დადგენილი და იმაზე მეტი პირი მონაწილეობდა, ვიდრე ბრალდებულის სკამზე ზის”,-აცხადებს მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, საქმეში არის კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს დაიჭრა, თუმცა გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია, ვინ დაჭრა მოზარდი.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. დღესვე სასამართლო ბრალდებულებისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადასინჯავს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი  არასრულწლოვანია დაკავებული.  ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დღეს კიდევ სამი პირი დააკავა, რომელთაც დანაშაულის დაფარვაში ედებათ ბრალი. მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

იტვირთბა....