ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის მიმართ ელგა ფოლადიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გახდა ცნობილი.
მოსარჩელე ითხოვდა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები და დაადგინა, რომ ელგა ფოლადიშვილის მიმართ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციის ფაქტს.
ელგა ფოლადიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს სარჩელით მას შემდეგ მიმართა, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ იმ მიზეზით, რომ ის არ იყო იურისტი, სამსახურის დატოვება მოსთხოვა.
ფოლადიშვილის მტკიცებით, რეალურად დეპუტატი კომიტეტს საკუთარი კადრებით აკომპლექტებს.