“შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გირგვლიანის საქმეზე ექსპრეზიდენტის გამამტყუნებელ განაჩენზე “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
“სტრასბურგის სასამართლო წერდა, რომ გაოგნებული ვართ, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებდა სასამართლო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, პრეზიდენტი გირგვლიანის საქმეში. საქმის გამოძიების ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი დაყვანილია იქამდე, რომ სააკაშვილმა მხოლოდ შეწყალების აქტში ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, მთელი ეს სისტემა, რომელიც ამ საქმეში იკვეთებოდა დანაშაულებრივად, რჩება გვერდზე. სააკაშვილს ბრალი წარედგინა იმ მუხლით, ისეთ საქმეში, რომელიც ყველაზე მეტად სასურველი მუხლი შეიძლება ყოფილიყო მისთვის.
ასეთ რიხზე სააკაშვილი იმიტომაა, რომ ასეთ ქაღალდებზე, რომელიც განაჩენში იწერება, ენიჭება სერიოზული პოლიტიკური უპირატესობა, რათა მთელ მსოფლიოში ილაპარაკოს, რომ აი რაზე მდევნიანო. ჩვენ გვქონდა უამრავი ფაქტი და ინფორმაცია ამ წლების განმავლობაში დაგროვილი, რომ აქ გაცილებით ღრმა პრობლემებთან გვქონდა საქმე”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით, სააკაშვილმა დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების დაპირება მისცა და მოგვიანებით ისინი შეიწყალეს. გამოძიებამ ეს გარიგება უკანონოდ ჩათვალა. სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.