ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილის მამა: “გერმანიის კლინიკიდან დამიკავშირდნენ, სასწრაფოდ გადმოიყვანეთ თქვენი შვილიო”

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მას ბერლინის კლინიკიდან დაუკავშირდნენ და მისი შვილის გადაყვანაზე დათანხმდნენ. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისმა ახლობლებმა, რომლებიც გერმანიაში იმყოფებიან, გადაამოწმეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ საქართველოს ოფიციალური უწყებების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაჭრილი კლინიკამ არ მიიღო, სიცრუეა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროსთან პრეტენზია არ აქვს, რადგან მიაჩნია, რომ ის სუს-ის ზეწოლის ქვეშაა. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ ცრუობს ჯანდაცვის სამინისტრო, დაჭრილის მამა ფიქრობს, რომ სუს-ს არ სურს მისი შვილის გამოჯანმრთელება:

”კონკრეტულად ვითხოვ იმას, რომ ჩემი შვილი გადაიყვანონ გერმანიაში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ერთი წუთის დაკარვა არ შეიძლება. ეს 4 დღე მალოდინეს, ვითომ გერმანიამ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე. ავსტრია დათანხმდა და ავსტრიამ ვითომ უარი თქვა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ გერმანიას უარი არ უთქვამს. ჩვენ გერმანიაში გვყავს ხალხი, რომლებიც პირდაპირ მივიდნენ ადმინისტრაციაში, გაარკვიეს, არის თუ არა უარი ნათქვამი და გაირკვა, რომ პაციენტს ამ წუთასაც ელოდებიან ბერლინში, ”შარიტეს” კლინიკაში. ამის მერე ჯანდაცვის სამინისტროს ვერაფრით ვუკავშირდები.

სამინისტროს დადანაშაულებაც არ შეიძლება, რადგან უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ არიან. რამდენადაც მე ვფიქრობ, ამ ბავშვის ჯანმრთელობა არ სურთ. ამიტომ თურქეთში სადღაც ნახეს დაბალი ჯგუფის კლინიკა და უნდათ, რომ იქ გადააგზავნონ. მე ”კოჩის” კლინიკიდან, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი უძლიერესი კლინიკაა, თანხმობა ახლა მივიღე. მოვითხოვ ჩემი შვილი კონკრეტულად ბერლინის კლინიკაში იქნას გადაყვანილი. მთელი საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ გვერდში დამიდგნენ, რომ ჩემი შვილი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანონ. იქიდან დღეს დამიკავშირდნენ და მეუბნებიან, რომ ერთი წუთის დაკარგვაც კი არ შეიძლება, სასწრაფოდ გადმოიყვანეთ თქვენი შვილიო”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ერთ-ერთმა კლინიკამ უარი განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე. ხოლო დღეს კი გაირკვა, რომ უარით გამოისტუმრეს ავსტრიის კლინიკიდანაც. დღესვე ცნობილი გახდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად თანხმობა თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა. ოჯახის ინფორმაციით,  ერთი კლინიკა ოჯახმა მოიძია, ხოლო მეორესთან მოლაპარაკებას ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა.

შეგახსენებთ, რომ  პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.

 

იტვირთბა....