იუსტიციის მინისტრის პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც ნარკოპოლიტიკაზეა საუბარი. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ეს განცხადება ემთხვევა იმ გეგმებს, რაც მთავრობას ამ მიმართულებით აქვს.
„პატრიარქის ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკის სასურველი მიმართულებების შესახებ მინიშნებები თუ ცალსახა განცხადებები პირდაპირ ემთხვევა იმ გეგმებს, რაც ჩვენს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს და ნარკოტიკების წინააღმდეგ უწყებათაშორის საბჭოს ჰქონდა და აქვს 2013 წლიდან.
უნდა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში რეაბილიტაციის სისტემა ნამდვილი, ევროპული სტილის, რომელიც დღეს ჩვენ ასევე არ გვაქვს. ამ ყველაფერის გარეშე რა თქმა უნდა, ძნელია ვისაუბროთ დაბალანსებულ ნარკოპოლიტიკაზე. ძნელია გვქონდეს იმედი, რომ რომელიმე ნაჩქარევად მიღებული კანონი რაიმე შედეგს მოიტანს და არ იქნება პირიქით წამქეზებელი ეფექტის,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პატრიარქის ეპისტოლეში კი ნათქვამია, რომ აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებაში.
“ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები… მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას,” – წერს ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში.