როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ, ის სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტს გადაეგზავნება.
წულუკიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინა სააკაშვილის ექსტრადირებაზე, ეს სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია.
“ექსტრადირებაზე გაგზავნილი გვაქვს მოთხოვნა და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინული მხარე, ეს რა თქმა უნდა, უკრაინული სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ერთადერთი, რაც შემიძლია ნამდვილად გითხრათ – როდესაც ეს განაჩენი შევა ძალაში, ის არ არის ჯერ ძალაში, ჩვენ ამ განაჩენს აუცილებლად გადავგზავნით სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტის წინაშე, რომელიც ახლა აკონტროლებს ენუქიძე-გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ეროვნულ დონეზე სათანადოდ შესრულებას“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.