ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი მარგველაშვილზე: “ჩანს, პრეზიდენტი წუხს, რომ შეწყალებაზე ოდესმე მასთანაც კითხვები არ გაჩნდეს”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა, წუხს, რომ ვინმეს სამომავლოდ შეწყალებასთან დაკავშირებით, კითხვები მის მიმართაც არ გაუჩნდეს.  ასე გამოეხმაურა ე.წ. შეწყალების საქმის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით.

”კონსტიტუციით მინიჭებული უფლება არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვინმეს ბოროტად შეუძლია. რაც შეეხება მარგველაშვილს, ჩანს, პრეზიდენტი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები”, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვას – ”ეს მინიშნებაა, რომ შესაძლოა პროკურატურა მომავალში მარგველაშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტებითაც დაინტერესდეს, მაგალითად რატომ შეიწყალა ცოლის ძმა?” – ნადარეიშვილი პასუხობს, რომ მინიშნებებით ლაპარაკს შეჩვეული არ არის.

”მინიშნებებით ლაპარაკს არა ვარ შეჩვეული – არსებობს კონკრეტული საქმე და კვალიფიკაცია, ასევე პრინციპი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, ისევე, როგორც სასამართლო, პროკურატურის მუშაობის რევიზიის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს და არა პრეზიდენტს”, – აღნიშნა პროკურატურის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ქართულ სასამართლოში პირველი განაჩენი გამოცხადდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა. მან ოდესის ყოფილი გუბერნატორი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ჰქონდა წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით,  სააკაშვილმა დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების დაპირება მისცა და მოგვიანებით ისინი შეიწყალეს. გამოძიებამ ეს გარიგება უკანონოდ ჩათვალა.

 

იტვირთბა....