ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილმა პატრიარქის ეპისტოლეზე ილაპარაკა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეშობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც ნარკოპოლიტიკას ეხება.

”ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის საკითხი, რაც ეხება ნარკოპოლიტიკას და მე არაერთხელ გამისვამს ამისთვის ხაზი, რომ ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დასჯა და იძულება წლების, ათწლეულების მანძილზე უკეთეს შედეგს კი არ გვაძლევს, არამედ ბევრი ადამიანის დამსხვრეულ ცხოვრებას გვაძლევს, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმის თაობაზე – იქნებ, სჯობს, სხვანაირად მოვუაროთ ამ პრობლემას და ვიფიქროთ, როგორ შევამსუბუქოთ და ადამიანური გავხადოთ ნარკოპოლიტიკა”, – აღნიშნა მარგველაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ნარკომანიის თემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში შეეხო.  მისი თქმით მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო ცენტების შექმნა.

„ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და კაცობრიობის დღევანდელი მდგომარეობა მეტად მძიმეა. პიროვნება უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა და ღვთის მადლის გარეშე დარჩენილს, აღარ ძალუძს, თავი დააღწიოს შექმნილ მდგომარეობას; ინგრევა ოჯახები, უმეთვალყუროდ რჩებიან ბავშვები; გამეფდა სიცრუე, ამპარტავნება, გაუტანლობა, ეგოიზმი, შური და ღვარძლი; ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს.
აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები“, – აღნიშნავს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში.

იტვირთბა....