ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით პანკისის ხეობაში დაკავებული პირის, რუსლან ალდამოვისა და დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს.
როგორც ადვოკატი ვარაუდობს, ხელწერილი სხვა ადვოკატებსაც დაადებინეს. მისი თქმით, სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, დაკავებულების ტერორისტებთან კავშირი არ დასტურდება.
„რამდენად ავთენტურია ეს კადრები ჯერ დადასტურებული არ არის, პირველ რიგში უნდა მივმართო შესაბამის ორგანოებს, რომ მოხდეს ამ კადრების და ვიდეომასალის როგორც მტკიცებულების შემოწმება. ეს კადრები შესაბამისად არაფერს დანაშაულის შინაარსზე და ბრალდებაზე არაფერს არ გვეუბნება. ეს არის ნაცნობობა, რომელზეც მე წინასწარ მქონდა გაკეთებული ჩემი რაღაც ვერსიები“-აცხადებს კუბლაშვილი.
როგორც ცნობილია, სუს-მა 2017 წლის 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.