ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააკაშვილის ადვოკატი: დღეს დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა. ის მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რადგან შეუძლებელია, რომ ამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო.

როგორც სოფიო გოგლიჩიძემ აღნიშნა, მას მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია და შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის განაჩენის გასაჩივრებასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

იტვირთბა....