აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვისზე გაცვალა გიორგი ლუკავა.
აფხაზური მხარის ცნობით, საქართველოსთვის ლუკავას გადაცემა პატიმრების გაცვლის პროცესის ნაწილია, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის თხოვნით დაიწყო.
“2008 წლის მოვლენების დროს, ქართულმა ჯარმა სამხრეთ ოსეთში დააკავა ცხინვალის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში დიდხნიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მათ შორის სამუდამო პატიმრობამისჯილიც იყო.
ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ გიორგი ლუკავა სიაში ქართულმა მხარემ შეიყვანა, თუმცა მაშინ პატიმართა გაცვლის პროცესი დროებით შეჩერდა. მოგვიანებით, ის და კიდევ ერთი პატიმარი გ. გიუნაშვილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ გადმოგვცა, ქართულ მხარესთან გაიცვალა როლანდ ჟიბაზე, რომელიც ეჭვმიტანილია ბ.კვიციანის მკვლელობაში და საქართველოში იმალებოდა.
აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში თავს აფარებენ აფხაზეთში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები, მათ შორის რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევას მკვლელიც. აფხაზური მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ადამიანები გადმოგვცენ. ეს საკითხი IPRM და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარე ყველა დონეზე და შეხვედრაზეა დასმული”, – წერია აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
აფხაზური მხარე ასევე ამბობს, რომ პატიმრების გაცვლა მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.
7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 25 დეკემბერს სოხუმის ციხიდან გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. მაშინ ლუკავამ თქვა, რომ ის ციხიდან არავის სანაცვლოდ არ გაუთავისუფლებიათ.
გიორგი ლუკავა სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდა. ის გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე 2011 წლის 8 მაისს დააკავეს. სეპარატისტები და ოკუპანტები ლუკავას ქართული პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთ მეთაურად მიიჩნევდნენ და 1994 წელს სოფელ თაგილონიდან 14 აფხაზი სამხედროს გატაცებაში ადანაშაულებდნენ, რომლებიც მოგვიანებით ზუგდიდის რაიონში დაიღუპნენ, ასევე – გუდაუთაში მკვლელობებშიც.
მას 25 წელი მიუსაჯეს, შემდეგ 20 წლამდე შეუმცირეს, 2015 წლის დეკემბერში კი, ციხის ბუნტში მონაწილეობისთვის უვადო პატიმრობა შეუფარდეს. 2016 წლის მარტში ტყვეთა გაცვლისას ლუკავა ბოლო მომენტში საკანში მიაბრუნეს. მისი გათავისუფლება 2017 წლის იანვრის ბოლოსაც ჩაიშალა. ეს ლუკავას მეორე ტყვეობაა. პირველი 3-წლიანი პატიმრობა 1999 წელს დასრულდა, ტყვეთა გაცვლით.
მიმდინარე წლის 26 ნოემბერს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან თანამშრომლობის შედეგად 18 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან სოფელ დისევის მკვიდრი, გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდა, რომელსაც ასევე 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პირი გათავისუფლდა, მათ შორის 2016 წლის მარტში სოხუმის და ცხინვალის საპატიმროებიდან 14 პატიმარი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა.