ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექიმი: სპეცოპერაციისას დაჭრილის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია

ექიმ ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება.

„მდგომარეობა ძირითადად უცვლელია. რაიმე განსაკუთრებული ძვრები არ ყოფილა. ისეთივე კრიტიკული სიტუაციაა, როგორიც იყო გუშინ“, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ამ ფაქტს პანკისის ხეობაში უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ სპეცრაზმმა ძალას გადაამეტა. მათ ხელისუფლების სახელზე სპეციალური მიმართვაც გააგზავნეს.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა დღეს შეუფარდა.

ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, უხუცესთა საბჭოც იმას, იტყვის რასაც უშიშროება და სუსი იძახის. მისი თქმით ის ჩანაწერი, რომელიც უცუხესებს მოასმენინეს ყალბი და დამონტაჟებულია და იმ ვიდეო ან აუდიო ჩანაწერის მისთვის ჩვენებას ითხოვს, რითიც მისი შვილის შესაძლო დანაშაული მტკიცდება.

იტვირთბა....