ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დაჭრილი მაჩალიკაშვილის მამა: ჩანაწერი, რომელიც უხუცესებმა მოისმინეს ყალბია

პანკისის ხეობაში, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი “კურიერთან” აცხადებს, რომ უხუცესთა საბჭოც იმას, იტყვის რასაც უშიშროება და სუსი იძახის.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის ჩანაწერი, რომელიც უცუხესებს მოასმენინეს ყალბი და დამონტაჟებულია.

დაჭრილის მამა, იმ ვიდეო ან აუდიო ჩანაწერის მისთვის ჩვენებას ითხოვს, რითიც მისი შვილის შესაძლო დანაშაული მტკიცდება.

“რაც მაგათ მიაწოდეს დამონტაჟებული იქნება თუ ყალბი იქნება, ის ანახეს უხუცესებს, თორე, რომელიც ცოტა რამეშია გარკვეული, ის მანდ არ ყოფილა. და ეს არის, რასაც უშიშროება და სუსი იძახის, უხუცესთა საბჭოც მაგას იტყვის, იმიტომ, რომ ისინი ერთობლივად მუშაობენ.

რაც შეეხება ჩემი შვილის რუსეთის საელჩოს აფეთქებასთან დაკავშირებას, ჩემს შვილს რაში სჭირდება რუსეთის საელჩოს აფეთქება, ჩემი შვილი 18 წლისაა, სად მოასწრო ამდენი იმეების მოპოვება…ერთი წელია, რაც საზოგადოებაში გამოვიდა, მან თვალების ოპერაცია გააკეთა და სულ სახლში იყო ჩაკეტილი.

რაც შეეხება ჩემი სახლიდან ამოღებულ თანხას, ჩემი უმცროსი გოგო არის ევროპაში, გერმანიაში 5 წელია. 1 თვის წინ ჩემი უფროსი გოგო ჩავიდა გერმანიაში თავის დასთან და იქიდან მაგისი შეგროვილი თანხა ჩამოიტანა თბილისში, რომ ეყიდა ბინა. ეს თანხა არის ამოღებული. არ სრცხვენიათ? მეტი კაცობა და ნამუსი არ აქვთ? ერთ-ერთი რომ იძახის ეს უმწეო ბავშვი ჩაითრიესო, არ ჩაუთრევიათ ჩემი ბავშვი, არსად არ ჩაუთრევიათ. მშობელი მე ვარ, მომაწოდეთ ჩანაწერი, აქ არის შენი შვილის დანარეკი, აქ არის შენი შვილის ბანკის ”შოტი”, მე ამოვისუნთქებ…ვიტყვი, რომ ახი ვყოფილვარ. ყველაფერს ცდილობენ იმის გულისთვის, რომ ეს ხალხი რომ შეწუხდა, ვიღაცა რომ დაარწმუნოს, ეს ბავშვი ყოფილა ამაში გარეული. არ არის ჩემი შვილი გარეული ამ ამბავში. ამას ასე არ დავტოვებ, მე მის მერე სიცოცხლე არ მინდა. ყველაფერს კანონით მოვითხოვ, საქართველოს წინააღმდეგი არაფერი მაქვს, არც მქონია, 50 წელი ისე გავიარე, რომ საქართველოს პატრიოტი ვიყავი” – განაცხადა “კურიერთან” თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.

შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ამ ფაქტს პანკისის ხეობაში უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ სპეცრაზმმა ძალას გადაამეტა. მათ ხელისუფლების სახელზე სპეციალური მიმართვაც გააგზავნეს.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა დღეს შეუფარდა.

ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

იტვირთბა....