ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კახეთის გუბერნატორი პანკისში უხუცესთა საბჭოს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა თელავში, გუბერნატორის ადმინისტრაციაში შედგა. ინფორმაციას ipn -ი ავრცელებს.

“ხეობის უხუცესებთან ინფორმაციული შეხვედრა გვქონდა. ჩვენ მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რადგან არსებობს ბევრი ვერსია და საჭირო იყო სწორი ინფორმაციის მიწოდება,რომ არ მოხდეს დაპირისპირება. ვფიქრობ, შეხვედრამ შედეგი გამოიღო. გარდა ამისა, განხილული იყო ხეობში არსებული სხვა პრობლემებიც”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს თავისი. ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა დროულად და ობიექტურად იქნას გამოძიებული სპეცოპერაციის საქმე. ასევე ვისაუბრეთ ხეობაში არსებულ განათლების, უმუშევრობის და ყოველდღიური პრობლემების შესახებ. ხეობაში ხალხს უნდა სიმშვიდე და ეს შეხვედრა ამისთვის იყო საჭირო” , – განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა ელიზბარ მარგოშვილმა.

26 დეკემბერს ,პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სუსმა 5 პირი დააკავა.მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

იტვირთბა....