“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები და ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს შეხვდნენ. მთავარი თემა ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების შეწყალებაა იყო.
“ძირითადი ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო, შეწყალების გარკვეული ფორმატის გამონახვა, რომ უზრუნველვყოთ იმ ადამიანების თავისუფლება, რომლებიც დღეს აბსურდული, არარსებული ოდენობებისთვის სხედან ციხეში. ადამიანები, რომლებიც კანონპროექტის შემდგომ, უზრუნველყოფილი იქნება მათი თავისუფლება,“ – განაცხადა მოძრაობა ”თეთრი ხმაურის” აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ის ესაუბრა ჯგუფს, რომელიც დიდი ხანია მუშაობს თემაზე, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.
“ეს არის უფრო ადეკვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება, ვიდრე არის ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე ქართულ, ასევე საბჭოთა სისტემაში ბევრ ადამიანს უნგრევდა ცხოვრებას და ამავე დროს არავითარ გამოსწორება ნარკოტიკების სტატისტიკაში არ მოიტანა. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ საქართველოში მუშაობდა და დღესაც მუშაობს ნარკოპოლიტიკა, რომლიც აუბედურებს უამრავ ადამიანს, რომელიც ასევე სამართალდამცველების წინაშე აყენებს ძალიან პრობლემურ არჩევანს და ჩვენ ვხედავთ ჯგუფს, რომელიც პროფესიულად მუშაობს უფრო ჰუმანურ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს ჯგუფი თანამშრომლობს ჩვენს დეპუტატებთან, რომლებიც მოწოდებული უნდა იყვნენ, რომ ადეკვატურობის და ლოიალურობის შესაბამისი კანონმდებლობა შექმნან. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში იხილება ეს თემა. მე მიხარია, რომ გამოვდივართ იმ სტერეოტოპებიდან, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ახდენდა. შემიძლია ზოგადად ვუთხრა ყველას, ვინც ამ საკითხზე ფიქრობს – როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როცა ის აკრძალვები და სიმკაცრეები, რომელოც მოიფიქრე შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა, ადამიანები თავისუფლები იყვნენ და ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.