ვანო მერაბიშვილს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე კომისიის უარს, ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აფასებს. მისი თქმით, არგუმენტი, რის გამოც ვანო მერაბიშვილი შეიძლება გათავისუფლებულიყო, არ არსებობდა:
“აქ არ არის საუბარი ერთ ან მსუბუქ დანაშაულზე. აქ არის ხუთი სხვადასხვა დანაშაული და ამ დანაშაულებზეც მას საკმაოდ მძიმე სასჯელები აქვს და მძიმე კატეგორიის დანაშაულებს განეკუთვნება, ამიტომ, ესეც, რა თქმა უნდა, უნდა იქნას მიღებული მხედველობაში. მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, პირველ არგუმენტზე, რაც ჰქონდა კომისიას, ეს იყო ის, რომ ფაქტობრივად გამორიცხული იყო გათავისუფლება იმიტომ, რომ მის მიმართ კიდევ სხვა განაჩენი არის დამდგარი, რომელზედაც თეორიულადაც კი გამორიცხულია შეეხოს შეწყალების კომისიის გადაწყვეტილება.
ჩვენ რომ გამოგვეყენებინა ის მიდგომა, რომელიც ჰქონდა ჩვენს წინა ხელისუფლებას, კერძოდ შეკრებითობა სასჯელის და პლიუს რომ არ შეხებოდა ამნისტია, რომელიც ასევე სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს იქნა მიღებული, ვანო მერაბიშვილს ამ ყველაფრის გათვალისწინების გარეშე მოუწევდა 31 წელი დაახლოებით ციხეში ჯდომა.” – აცხადებს კილაძე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრა.
„თქვენი შაუმდგომლობის საფუძველზე გაცნობებთ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა მსჯავრდებულებს მერაბიშვილი ივანე სერგოს ძეს.
გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ მსჯავრდებულებს და განუმარტოთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობით განცხადების საფუძველზე გადაეგზავნებათ აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილ ვადაში.
პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს, ან/და თუ არსებობს რომელიმე განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში“, – ნათქვამია საბჭოს წერილში.