ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ: საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელი – საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, არსებითად განსახილველად არ მიიღო:

“2017 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №766).
კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომლის თანახმად, სასამართლო სასჯელში არ თვლის ვადას, რაც პირმა სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაატარა უკანონო პატიმრობაში, ანდა პატიმრობაში იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც შემდგომ გამართლდა. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს (ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლება).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულირება ზღუდავს ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლების ცალკეულ ასპექტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციური სარჩელი №766 დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
განჩინება მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.
განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლთან მიმართებით” – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....