ახალი ამბები მთავარი სამართალი

რატიანი: პოლიციელები ჩემს ორიენტაციას განიხილავდნენ ქურთუკის ფერისა და შარვლის ფორმის გამო

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

საქალაქო სასამართლოში პოეტმა ზვიად რატიანმა გაიხსენა მისი დაკავების პროცესი. მისი თქმით,  შსს-ს თანამშრომლები ამბობენ, რომ თითქოს ის იდგა თამარ მეფის ქუჩაზე და უმისამართოდ იგინებოდა, ეს კი მას არ ახსოვს. ახსოვს ის, რომ მას სამართალდამცველებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა:

”მე ვიყავი ნასვამი. ის რომ ვიდექი და უმისამართოდ ვიგინებოდი… მე ბევრი რამ არ მახსოვს. ნაწილობრივ ნასვამობის გამო, ნაწილობრივ ტრამვების გამო. ექიმმა აღწერა მხოლოდ ის, რაც ჩანდა, გარდა თავისა. მეორე დღეს მოხდა თავის გადაღება, რომლის პასუხი მოგვიანებით იქნება. აპელირება იმაზე რომ დავეცი და ფრთხილად დამაწვინეს ძირს, არაა სწორი.

პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ მეც მქონდა რეაქცია, ჩემი ტიპაჟურობიდან სრულიად ამოვარდნილი. დამცირება და ბევრი შეურაცხყოფა იყო,  მათ შორის, ფიზიკური.  სამაჯურების გადაგრეხვა და ტკივილები. მთავარი ზეწოლა იყო შემდეგ. წინასწარი დაკავების იზოლატორთან.

მე მახსოვს, ნასვამი ხარ მოქალაქეო, რომ მითხრეს. მე ვუთხარი, მერე რა-მეთქი. ”ჯერ ნახე, რა აცვია”, ამბობდნენ. ზოგი რამ არ მახსოვს ჩემდა სამწუხაროდ. მე ვიცი რომ ეს გინება იყო რეაქცია მათ მიერ შეურაცხყოფაზე და მე ამაზე ვწუხვარ, ცალსახად ცუდი საქციელი და დანაშაულია. აბსოლუტურად გამოვედი წყობიდან.

მე მახსოვს ფრაგმენტები. მანქანაში ვიყავი თავჩარგული და მირტყამდნენ თავში. ყველაზე ხანგრძლივი იყო დროებითი დაკავების იზოლატორთან .

სამოსზე აპელირება იყო ერთ-ერთი დეტალი,  ქურთუკის ფერის  და შარვლის მოყვანილობის გამო ორიენტაციული საკითხები განიხილებოდა. ქართველობას ვართმევდი ჩაცმულობით. მე არ ვამართლებ ჩემს გინებას, რაც ძალიან ცუდია. ყველაზე ცუდი და მტკივნეული არის ტელევიზიები და პოლიტიკური გადამღერებები. ეს არის მტანჯველი საქმე ჩემთვის.

ვინც მცემდნენ, მემუქრებოდნენ, საქათმეში შეგაგდებთ, ჯერ სად ხარ, ჯერ მხოლოდ იწყებაო. იყო ფრაზები, გრიგოლიებს მოგვიყრის და ა.შ. ალბათ პრესას გულისხმობდნენ”- ამბობს ზვიად რატიანი.

შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.

ავტორი: ნინო ცხადაია

 

იტვირთბა....