ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც ეხება სოფელ ქისტაურში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას. საია ამბობს, რომ შსს-ს განცხადებში მითითებულია დეტალური ინფორმაცია მოქალაქე თ.შ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
საიას ცნობით, სამინისტრომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებით დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
“მართალია, ობიექტური გამოძიებისათვის აუცილებელია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესწავლა, თუმცა, მიგვაჩნია, რომ სამინისტროს მხრიდან მოცემულ საქმეში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება არ არსებობდა. საქმისადმი მაღალი საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც, სამინისტროს მხრიდან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის გამჟღავნება, კონკრეტული დაავადებისა თუ სამედიცინო პრობლემის მითითების გარეშე, საკმარისი იქნებოდა საზოგადოების ინფორმირების მიზნით.
ამდენად, მოვუწოდებთ:
-შინაგან საქმეთა სამინისტროს – იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო ყურადღებით მოეკიდოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების, მათ შორის, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების დამუშავებასა და გასაჯაროებას;
-პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს – შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა და გამოიყენოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქციები”, – წერია საიას განცხადებაში.
26 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაასრულა სოფელ ქისტაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
ორი დღის წინ, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, სამართალდამცველები სოფელ ქისტაურში, ერთ-ერთ ოჯახში სახლის გასაჩხრეკად შევიდნენ. ამის შემდეგ ოჯახის დიასახლისი შეუძლოდ გახდა და ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახი ამ ფაქტს პოლიციელების მხრიდან უხეშობას უკავშირებდა.