საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
„საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, მოქალაქე თ.მ. – ს ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით დაიწყო და მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. ამჟამად ტარდება ყველა გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადეს პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა. 22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ ახმეტ ჩატაევთან, შესაძლო, კავშირის გამო 5 ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაციის დროს, 1 მათგანი მძიმედ დაიჭრა, რომლის ჯამრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.