ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებების შედეგს მომავალში არაერთხელ დავინახავთ

პირველ სხდომაზე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა. ის დარწმუნებულია, რომ ცვლილებების შედეგს მომავალში ვიხილავთ. კვირიკაშვილმა ახალდანიშნულ მინისტრებს მანდატების მიღება მიულოცა.

“მინდა მოკლედ შევაჯამო გასული წელი. პირველის სხდომაა განახლებულ ფორმატში. მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. გილოცავთ ახალ მანდატს და წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ამ ცვლილებების მიზანი იყო უფრო მოქნილი და ეფექტიანი მთავრობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებების შედეგს ჩვენ მომავალში არაერთხელ დავინახავთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობაში სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა, რომელიც რამდენიმე სამინისტროს შერწყმა-გაერთიანებას ითვალისწინებდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი შუერთდა და მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, ხოლო სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროში გადავიდა. გარემოს დაცვის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაერთიანდა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს კი ენერგეტიკის სამინისტრო შეუერთდა. ასევე ეკონომიკის სამინისტროში შევიდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, აღარ იარსებებს: – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და ენერგეტიკის სამინისტრო. გარდა ამისა, მთავრობის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღარ არსებობს.

იტვირთბა....