სოფელ დუისში, სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს დაჭრილ ახალგაზრდას ოპერაცია გაუკეთეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საოპერაციოდან რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანეს.
იგი რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ოპერაცია დაახლოებით სამ საათ-ნახევარს გაგრძელდა.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი, ხათუნა ჭონიაშვილი აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ გამთენიისას პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია ოთხი პირი. სწორედ პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას დაიჭრა ერთ-ერთი დაკავებული, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით ის თავის და მხრის არეშია დაჭრილი.