ახალი ამბები მთავარი სამართალი

სალუქვაძე: საქართველოს თურქეთისთვის ჩატაევთან დაკავშირებულ მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს

გენერალი და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ამირან სალუქვაძე “მეტრონომთან” ამბობს, რომ   საქართველო  ზუსტი მტკიცებულებების გარეშე, არ იტყოდა  ჩატაევი თურქეთის მხრიდან არალეგალურად შემოვიდა.

გენერლის აზრით, ჩვენს ხელისუფლებას ზუსტი და არგუმენტირებული მტკიცებულებები დასჭირდება, რათა თურქული მხარე დაარწმუნოს, რომ ამხელა მასშტაბის ტერორისტი და მათ მიერვე  ძებნილი ადამიანი ხელიდან  დაუსხლტათ და ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდა. სალუქვაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სუს-ს ძალიან ბევრ კითხვაზე ღია პასუხის  გაცემა არ შეუძლია. მისი თქმით, ყველა თემა პოლიტიკური ბრძოლისთვის არ გამოდგება.

“არ მგონია, სუს-ს აწყობდეს, რომ ტყუილად ასეთი განცხადებები გააკეთოს. რა თქმა უნდა, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ჩატაევი და მისი თანამზრახველები დიპლომატიურ კორპუსზე თავდასხმას აპირებდნენ.

რა თქმა უნდა, არც ის არის გამორიცხული, რომ გამოძიების ფარგლებში ტერორისტების ქსელი კიდევ უფრო გაიზარდოს. რთულია წინასწარ იმის პროგნოზირება, რა ტიპის ტერაქტებს გეგმავდნენ და რამდენი ადამიანი იღებდა ამაში მონაწილეობას.

თუ ჩატაევი მართლა ე.წ. მწვანე ბილიკით არის გადმოსული, სახუმარო საქმე არ არის. ვიცით, რომ სპეცსამსახური მსგავს განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებას, თურქეთის მხრიდან მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. საქართველომ მყარი მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს, რომ ჩატაევი ნამდვილად ამ ქვეყნიდან შემოვიდა.

როცა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, გავრცელდა ინფორმაციები, რომ მათთან ერთად სხვა პირებიც იმყოფებოდნენ და გაქცევა შეძლეს.  არ ვიცი, ამაზე უწყებაში კომენტარი ალბათ დამატებით გაკეთდება. ფაქტია, რომ გამოძიება კონკრეტულ პირებზე გავიდა და წუხანდელი სპეცოპერაციაც ამას  ემსახურებოდა.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში 20-მდე ან უფრო მეტი ადამიანი იქნება, რომლებიც ხალიფატის რიგებში იბრძოდნენ, ამაზე საზოგადოებას ინფორმაცია აქვს, შესაბამისად, გასაკვირი არაფერი იქნება.  როგორც პანკისში ასევე სხვადასხვა რეგიონებში, როგორც ჩატაევის მომხრეები, ასევე ე.წ.”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებიც იქნებიან”,-ამბობს სალუქვაძე “მეტრონომთან”.

შეგახსენებთ, რომ წუხელ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს”,-ნათქვამია სუს-ის განცახდებაში.

სუს: სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციამ საქართველოსა და თურქეთში დაგეგმილი ტერაქტები გაანეიტრალა

იტვირთბა....