ახალი ამბები მთავარი სამართალი

სეპარატისტების მიერ 2011 წელს დაკავებული გიორგი ლუკავა სოხუმის ციხიდან გათავისუფლდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სოხუმის ციხიდან გიორგი ლუკავა გათავისუფლდა:

„დღეს, 25 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. იგი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე უკვე გადმოეცა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გიორგი ლუკავას ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლება შეაფასა, როგორც ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის პოზიტიური მაგალითი.

„ეს არის იმ პოზიტიური თანამშრომლობის გაგრძელება და კიდევ ერთი კარგი პრეცენდენტი, რომლის ფარგლებშიც უკვე მოხდა სოხუმისა და ცხინვალის საპყრობილეებიდან ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება.
„ძალიან მიხარია, რომ თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა თავისუფალია და ახალ წელს საკუთარ ოჯახში – მეუღლესა და შვილებთან ერთად შეხვდება.
„მადლობა ყველას ვინც ამ პროცესში ჩართული იყო და ამ მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობის მქონე საკითხის გადაწყვეტაში წვლილი შეიტანა. ეს უდავოდ პოზიტიურად აისახება სამშვიდობო პროცესზე და ნდობის აღდგენაზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 ნოემბერს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან თანამშრომლობის შედეგად 18 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან სოფელ დისევის მკვიდრი, გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდა, რომელსაც ასევე 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პირი გათავისუფლდა, მათ შორის 2016 წლის მარტში სოხუმის და ცხინვალის საპატიმროებიდან 14 პატიმარი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2016 წლის 10 მარტს ენგურის ხიდზე ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ 4 პირზე აფხაზეთისა და ცხინვალის ციხეებში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე გაიცვალა.  დრანდის ციხეში დარჩა გიორგი ლუკავა, რომელიც გასაცვლელ პატიმართა შორის უნდა ყოფილიყო. გათავისუფლებული პატიმრების მტკიცებით, ლუკავა მანქანამდე მიიყვანეს და მერე ისევ უკან მიაბრუნეს.

“1996 წელს სეპარატისტებმა ჩემი მეუღლე, როგორც­ პარტიზანული მოძრაობის წევრი, დააკავეს და გალის მეორე ომის დაწყებამდე,­ 1999 წლამდე, ციხეში იჯდა. მაშინ ჩასვეს გასაცვლელ ტყვეთა სიაში და დღემდე ვერ მოხერხდა მისი გაცვლა”-ამბობდა ერთ-ერთ მედიასაშულებასთან ლუკავას მეუღლე.

იტვირთბა....