ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მსოფლიო პატრიარქი ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს ულოცავს

მსოფლიო პატრიარქი ყოვლადუსამღვდელოესი ბართლომეოსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს ულოცავს. მსოფლიო პატრიარქის მილოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წაიკითხეს.

„ქრისტე ღმერთში ფრიად საყვარელო და სასურველო ძმაო. თქვენს პატივცემულ უნეტარესობას უფალში ძმურად ვეხვევით და განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმებით. ფრიად საყვარელო თქვენო უნეტარესობავ დიდი სიხარულით მოგმართავთ და ჩვენ მიერ დაწერილი საპატრიარქო წერილით მსოფლიო საპატრიარქო და პირადად მე, გულითადად მოგილოცავთ საქართველოს უწმინდესი ეკლესიის საჭეტმპყრობლად თქვენი არჩევის 40 წლის აღვსებას და ბედნიერი დაბადების დღის 85 წლისთავს.

დღემდე ბრწყინვალედ მსხმოიარეს სიბრძნით, რწმენით, პასუხისმგებლობით და სიყვარულით სავსე მსახურებით, რომელიც თქვენს უწმინდეს ეკლესიასა და თქვენდამი რწმუნებულ ღვთის ბრძენ ერს სიყვარულით მიუძღვენით. ასევე ვლოცულობთ, რათა ეკლესიის ზეციურმა შემოქმედმა მის სადიდებლად მოგანიჭოთ დარჩენილი ცხოვრების ხანგრძლივი ჟამი მწუხარების გარეშე, ჯანმრთელი და სიკეთით სავსე. ამ განწყობით და წმინდა ამბორით სავსე გეხვევით თქვენო უნეტარესობავ და ქრისტესმიერი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით ვრჩებით”, – აღნიშნულია მილოცვაში.

მანამდე ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი პრეზიდენტმა გიორგი მარგევლაშვილმა, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯომარე ირაკლი კობახიძემ, რომის პაპმა, რუსეთის პატრიარქმა, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმაც მიულოცეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა. 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს ეკლესიას სათავეში ილია მეორე ჩაუდგა. მაშინ 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეს 46 ეპარქია, პატრიარქის ჩათვლით 47 მღვდელმთავარი და 2 000-მდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია ქვეყანაში.

იტვირთბა....