ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

სააკაშვილი: “მოსამართლე ლარისა ცოკოლის წინააღმდეგ დევნა დაიწყო”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იუსტიციის საბჭოს მიმართა იმ სასამართლოების გაუქმების მოთხოვნით, რომლებიც მის საქმეს განიხილავს.

მისივე თქმით, მოსამართლე ცოკოლის წინააღმდეგ, რომელმაც ის პატიმრობიდან გაათავისუფლა, დევნაა დაწყებული. სააკაშვილი ამბობს, რომ ლარისა ცოკოლის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი საჩივარია შეტანილი. ეს განცხადება სააკაშვილმა კიევის სააპელაციო სასამართლოში გააკეთა.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლარისა ცოკოლის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეტანილია ორი საჩივარი. ეს არის მოსამართლე, რომელიც აღმოჩნდა მამაცი და მთელ სისტემას წინ აღუდგა, რომელმაც დაწერა, რომ ჩემ წინააღმდეგ საქმე არის გაყალბებული, მტკიცებულებები ყალბია, ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა, პროკურატურა კი ტყუის.

ლარისა ცოკოლი სიმართლის თქმისთვის დღეს იდევნება, მისი სამსახურიდან გათავისუფლება გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე უნდათ. ლარისა ცოკოლს რომ პროკურატურის მითითებები შეესრულებინა, როგორც ეს მაგალითად დანგაძის საქმის მოსამართლემ გააკეთა, მას მისცეს საუკეთესო კაბინეტი. ჩვენ შემთხვევაში კი მოსამართლე იდევნება.

გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა შეიტანა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წერილი, რომელშიც პეჩერსკის სასამართლოსა და ამ სააპელაციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვს. წარმოგიდგენიათ რაზე ვსაუბრობთ?! სააკაშვილის გასამართლებისთვის უკრაინის პრეზიდენტმა ყველა ამ მოსამართლეს უთხრა, რომ თუ სააკაშვილს არ დააპატიმრებთ, ყველას გაგათავისუფლებთ”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თავად საპელაციო სასმართლოს სხდომა კი 3 იანვრამდე გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, კიევის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. უკრაინის გენერალური პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს.

იტვირთბა....