ახალი ამბები მთავარი სამართალი

“პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც ჩემს დაკავებაში მონაწილეობდნენ, გამართლების შემთხვევაში სარჩელს შევიტან”

“იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც ჩემს დაკავებაში მონაწილეობდა, გამართლების შემთხვევაში აუცილებლად შევიტან სარჩელს”, – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა იგივე “ბახალამ” თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს გამართული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგანაშვილმა დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ ზეწოლას.

შემდეგი სასამართლო სხდომა 23 იანვარს 14:30 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს (“ბახალას”) აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა შეუცვალა და გირაოს სახით 20 000 ლარი შეუფარდა. ბრალდებული სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მას სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ. ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს.

იტვირთბა....