ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის მომხდარი დაპირისპირება შეაფასა.
“ღირსება არის ხელშეუხებელი და რაღაც ზღვარი აქვს ყველაფერს, მათ შორის თმენის ვალდებულებასაც. ცალსახად პროვოცირებული იყო. მთავრობის წევრები მაქსიმალურად ვიკავებთ ყოველთვის თავს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძალისხმევა გვჭირდება ამისთვის, მაგრამ ღირსება ხელშეუხებელია. რაღაც ზღვარი ყველაფერს აქვს და ამ ზღვარს არ უნდა გადააბიჯოს არავინ”, – განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დაპირისპირება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას უცენზურო სიტყვებით მიმართა. ამ მიმართვას ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს “უნამუსო” და “კორუმპირებული” უწოდა.