პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
„მოკლე განცხადებას გავაკეთებ. იქამდე, ვიდრე ჩვენ ვიქნებით დეპუტატები, თუ მთავრობის წევრები, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ყველას არ ეხება ეს, შეძლო ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა და ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი. ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოდა, იყო გამიზნული იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ზედმეტი იყო ეს ემოციები“, – განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრებთან შეხვედრაზე.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დაპირისპირება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.