“ევროპული საქართველოს წევრის” ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” მთავრობის 5 წლიანი შეფასების საუკეთესო მაგალითია მიგრაციული სალდო, რაც ნიშნავს მთავრობის შეფასებას, „როდესაც ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, როცა თქვა, რომ ამ მთავრობის პირობებში არაფერი გვეშველება და ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეო“. ეს შეკითხვა პრემიერს ჭიაბერაშვილმა პარლამენტში, “ევროპულ საქართველოსთან” შეხვედრის დროს დაუსვა.
ჭიაბერაშვილის ამ შეფასებამ პრემიერ-მინისტრის უკმაყოფილება გამოიწვია.
„კარგით რა მართლა, თქვენს გულში ჩაიხდეთ, ვის დროს დატოვა საქართველო მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ყველამ, ნუ ეტყვით თქვენს ტელევიზიებს, რომ იმედი მოუკლან და ადამიანები აღარ იგრძნობენ თავს უპერსპექტივოდ და გაცილებით უფრო მეტი ოპტიმიზმი ექნებათ. დიდი ბოდიში, მაგრამ როგორ არ გაგახსენოთ, თქვენს დროს რამდენი ტელევიზია იყო და რას გადასცემდნენ ისინი ჩვენს მოსახლეობას – როგორ ყვავდება ქვეყანა და როგორი კარგადაა ყველაფერი ქვეყანაში. სინამდვილეში რა ხდებოდა, რა თქმა უნდა, ხალხმა მოგვიანებით გაიგო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ მისცემთ დავალებას თქვენს ტელევიზიებს, რომ უკანასკნელი იმედი მოუკლან ადამიანებს. მედიას დიდი როლი აქვს ადამიანების ოპტიმიზმში. მედიაში შექმნილი ფონი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანების ოპტიმიზმის მაჩვენებელში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
აღნიშნულის საპასუხოდ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მათ ტელევიზიები არ ჰყავთ და დავალებებს არ აძლევენ.