ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მომავალ წელს, ას წელს ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, მე ვაცხადებ თავისუფლების წლად”

პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის სახელით ერთობლივი საახალწლო მიღება გაიმართა.

პრეზიდენტმა პირველ ლედისთან და საქართველოს პრემიერთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის თანამოსაყდრეს მიტროპოლიტ შიოს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, სემეკის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დედაქალაქის მერს უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი უწოდა 2017 წელს და მომავალ 2018 წელზე ისაუბრა.

“წელს ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მთავარი ღირებულებების, ევროპული განვითარების, კეთილდღეობის გაღრმავებისა და ჩვენი დემოკრატიის განმტკიცების გზაზე. წელს შესრულდა 25 წელი, როდესაც საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აღიარა. დღეს ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, ძალიან ნათლად ვამბობთ, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირი და ნატოა, ჩვენ ამ არჩევანისთვის ვიხდით ძალიან პრინციპულ საფასურს: იქნება ეს გაჭირვება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გაიარეს, ის ათასი, ათიათასობით ლტოლვილი და დევნილი, თუ იქნება ეს ჩვენი გმირი ჯარისკაცების სისხლი, რომელიც გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის არის გაღებული.
ჩვენ ამ ღირებულებებით ვცხოვრობთ და დიპლომატიურ კორპუსს მინდა მადლობა ვუთხრა, რომ ამ ღირებულებებს ჩვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის განმტკიცებისთვის ემსახურებით და ეხმარებით.
ჩვენი ახალი დამოუკიდებლობა 1918 წელს დაიწყო, ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ ეს არის ის სვლა, რომელსაც ნებისმიერი ერი ახორციელებს და რომლის ხარისხითაც იზომება ნებისმიერი ცივილიზაცია, სახელმწიფო თუ საზოგადოება.
ჩვენი მიზანი დამოუკიდებლობის თავისუფლებად ქცევაა. თავისუფლების მისაღწევად ჩვენ უნდა კიდევ უფრო გავაღრმაოთ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი, კიდევ უფრო მეტად ერთიანი, ინკლუზიური, ჰომოგენური და მომავალზე ორიენტირებული საზოგადოება შევქმნათ.
შესაბამისად, პატივცემულო საზოგადოება და პატივცემულო მოქალაქენო, მომავალ წელს მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ას წელს ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, მე ვაცხადებ თავისუფლების წლად, იმ წლად, რომელშიც ჩვენ მაქსიმალურად დამოუკიდებლობის შესაძლებლობას ვაქცევთ თავისუფლებად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....