ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძემ უმრავლესობაში დაგეგმილი ორი ახალი ფრაქციის შექმნის საკითხზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ორი ახალი ფრაქცია პარლამენტში უკეთესი კოორდინაციისთვის წლის ბოლომდე უკვე შექმნილი იქნება.
„ამ ამბის გარკვეულმა ინტერპრეტაციებმა ფრაქციების შექმნის საკითხი გარკვეულწილად დააჩქარა. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვჩქარობთ. წლის ბოლომდე ვფიქრობ, რომ ფრაქციები უკეთესი კოორდინაციისთვის უკვე შექმნილი იქნება. იმისათვის, რომ თითოეული დეპუტატის ჩართულობა გადაწყვეტილებებში, საკანონმდებლო ინიციატივებში და აზრის ფორმირებაში უფრო მეტად უზრუნველყოფილი იყოს. ამიტომ, უმრავლესობას ორი ახალი ფრაქცია ეყოლება. 6 ნაცვლად 8 ფრაქცია გვეყოლება“,-განაცხადა მდინარაძემ.
უმრავლესობის დეპუტატმა დამატებითი ფრაქციების შექმნის საკითხზე ოპონენტების განცხადებებს უსაფუძვლო სპეკულაციები უწოდა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის შესახებ განცხადება გასულ სასესიო კვირას უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. შაბათს კი ”ქართული ოცნების” ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ორი ახალი ფრაქციით, უმრავლესობა გადახალისებული შემადგენლობით საგაზაფხულო სესიაზე წარსდგება.
მას შემდეგ, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში ენუქიძისა და გეგიძის ფრაქციები შეიქმნება, უმრავლესობას რვა ფრაქცია ეყოლება, რაც საპარლამენტო საქმიანობისთვის გარკვეულ პრივილეგიას წარმოადგენს, რაშიც სიტყვით გამოსვლისთვის განკუთვილი დრო და აპარატი იგულისხმება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების შემადგენლობაში ორი დამატებითი ფრაქცის შექმნა პარტიის მიერ წინასწარ გაცხადებულ პროცესთან არის დაკავშირებული და მას არაფერი აქვს საერთო გია გაჩეჩილაძის მიერ ტენდერებთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალთან .