შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე გამოკითხვაზე გარკვეული პირები კვლავ დაიბარონ. ამასთან მეზვრიშვილი არ პასუხობს კითხვას, შესაძლოა თუ არა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
“ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ გამოვრიცხავთ, რომ ამ გამოძიების ფარგლებში მოხდეს როგორც სხვა არასრულწლოვნების გამოკითხვაზე დაბარება, ისევე ნებისმიერი იმ პირის დაბარება, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნება.
დაველოდოთ გამოძიებას და იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. გამორიცხული არაფერია”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს მომხდარ დაპირისპირებას ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე ორი არასრულწლოვანი დააკავა.