უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მისულმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაკითხვაზე უარი განაცხადა და შენობა დატოვა, -ამის შესახებ ტელეარხ „112 უკრაინას“ ეთერში პროკურორმა ალექსანდრე გოვორუშჩაკმა განაცხადა:
„სააკაშვილმა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ჩაშალა. ის გენერალური პროკურატურის სამსახურებრივ კაბინეტში იყო გამოძახებული, მაგრამ მხოლოდ საგამშვებო პუნქტზე მივიდა, შემდეგ კი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე უარი თქვა“, – განაცხადა გოვორუშჩაკმა.
მისივე თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე კიდევ ერთხელ გამოიძახებენ.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს კიევის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა არ განუსაზღვრა. მოსამართლემ აღკვეთის ყველანაირი ღონისძიებისგან სააკაშვილი გაათავისუფლა. უკრაინის გენერალური პრკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს.