საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წერილი მისწერა. სააკაშვილმა პოროშენკოს კონფლიქტის დეესკალაციისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.
„მე გავაკეთე ის, რასაც აკეთებენ გამარჯვებულები, პირები, რომლებიც საკუთარ სიმართლეში არიან დარწმუნებულები. მე ვუთხარი მას – „არასწორი ბრალდებები წამიყენეს. თქვენ კარგად იცით, როგორი შეურაცხმყოფელია ჩემთვის რუსეთის აგენტობაში ბრალდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, პოროშენკოსთან პირადი კონფლიქტი არ აქვს:
„მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში პრეზიდენტი მზად იქნება შეხვედრისთვის, მაგრამ მე ვუპასუხე: „არა, ასე არ გამოვა. მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც სადმე უკანა კარიდან შევა“, – დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს წერილი მისწერა და შერიგება სთხოვა. გუშინ, კიევში, მიტინგის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ პოროშენკოს ”ახლა უფრო მეტად შეუტევს”.