ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მივმართავთ მერს, სიცოცხლის ქალაქს ნუ გახდის შიმშილის ქალაქად: აქცია-პერფორმანსი საკრებულოსთან

თბილისის საკრებულოსთან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ის ფაქტი გააპროტესტეს, რომ უფასო სასადილოებით მოსარგებლე თითოეული პირისთვის ყოველდღიურად მხოლოდ 1,18 ლარი გამოიყოფა.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გივი კუბლაშვილმა განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც სოციალურად დაუცველის გამოკვება ერთი კვირის განმავლობაში უფასო სასადილოში 8 ლარი ჯდება, ქალაქის ახლადარჩეული მერი თბილისის რესტორნებში 8 ლარს ერთ თეფშ კიტრსა და პომიდვრის სალათში იხდის.

”3 მილიონი ლარი დაიხარჯა საახალწლო განათებებში, რომელიც რუსთაველის გამზირზე არის ჩამოკიდებული. მაშინ, როდესაც 3,5 მლნ ლარი სჭირდებოდა უფასო სასადილოების რიგში მყოფ 8000 ადამიანს პროგრამაში ჩასასმელად. მივმართავ კახა კალაძეს და შევახსენებ მის დაპირებას, რომ სოციალურად დაუცველებს 1,18 ლარიანი დაფინანსება გაეზრდებოდათ და უფრო ხარისხიანი საკვები ექნებოდათ.

მესმის, რომ ბატონი კახი ფუფუნებას და ძვირადღირებულ ცხოვრებას არის მიჩვეული, მაგრამ მივმართავ, რომ დღეს თბილისელებს ძალიან უჭირთ და სიცოცხლის ქალაქს ნუ გახდის შიმშილის ქალაქად”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

იტვირთბა....