“გუშინ იური ლუცენკომ განაცხადა: ჩვენ მას დავაპატიმრებთ, ან მას შეუძლია ქვეყანა თვითონ დატოვოს”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ტელარხ NewsOne-ს საიტი წერს:
„გუშინ იური ლუცენკომ განაცხადა: ჩვენ მას დავაპატიმრებთ ან მას შეუძლია ქვეყანა თვითონ დატოვოს… მაგრამ თუ ის უკრაინას არ დატოვებს, ჩვენ მას საქართველოს გადავცემთ. თქვენ ასეთი იურიდიული პრეცედენტი სადმე გინახავთ? ისინი მეუბნებიან – „თუ არ გინდა დიდი უბედურება გადაგხდეს, გიყიდით ბილეთს ნიდერლანდებში ან ერთწლიან საგზურს მალდივებზე, ოღონდ თავი დაგვანებე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, კიევის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.უკრაინის გენერალური პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს. პროკურატურას გასაჩივრებისთვის 5 დღე აქვს.
უკრაინის პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკითხვაზე 18 დეკემბერს დაიბარა.