მიხეილ სააკაშვილი ვალდებული არაა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდეს, ვინაიდან უწყება სააკაშვილს არ მისვლია, – აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი, რუსლან ჩერნოლუცკი:
„ის ინფორმაცია, რომელიც გენერალური პროკურატურის საიტზეა მოცემული, საერთოდ არ შეესაბამება იმ მუხლებს, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეშია მოცემული. მიხეილ სააკაშვილთან ამ დოკუმენტს კავშირი არ აქვს. ამიტომ ლოგიკური არაა ახლა იმაზე საუბარი, მივა თუ არა სააკაშვილი დაკითხვაზე“, – აღნიშნა ჩერნოლუცკიმ.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, კიევის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.უკრაინის გენერალური პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს. პროკურატურას გასაჩივრებისთვის 5 დღე აქვს.
უკრაინის პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკითხვაზე 18 დეკემბერს დაიბარა.