მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და დედაქალაქის განვითარების პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობაზე ილაპარაკა.
„თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი ყოველდღიურად შეგაქვთ, ქმნით სამუშაო ადგილებს, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, როგორც დედაქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ვიცით, რომ ყველაზე დიდი პრობლება, რომელიც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, სამუშაო ადგილებია. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ბიზნესს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარება მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით შეუძლებელია, რაშიც დედაქალაქის მთავრობას ბიზნესის დახმარება დასჭირდება.
“ვიცით არსებული მდგომარეობა, პრობლემები ქალაქის განაშენიანების თვალსაზრისით. თუ გარკვეული მიდგომები არ შევცვალეთ, ამ ქალაქში ცხოვრება მართლაც შეუძლებელი იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვითარებას, აღმშენებლობას, მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი სწორად, თანმიმდევრულად და ხარისხიანად გავაკეთოთ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ. მჯერა, რომ თქვენთან ერთად, მომდევნო წლების განმავლობაში, საკმაოდ მნიშვნელოვან და ეფექტურ პროექტებს განვახორციელებთ“, – აღნიშნა კალაძემ.