სააკაშვილის მოქმედებები უკრაინის დამცირებაა, – ეს კომენტარი უკრაინული ტელეარხის NewsOne-ის ეთერში, უკრაინელმა დეპუტატმა, ნადეჟდა სავჩენკომ გააკეთა:
„უკრაინის საგარეო პოლიტიკის ჭრილში სააკაშვილის მოქმედებები უკრაინის დამცირებაა. მას სააშკარაოზე გამოაქვს ხელისუფლების უნიათობა, ქაოსი და კორუფცია“, – განაცხადა სავჩენკომ.
როგორც სავჩენკომ აღნიშნა, სააკაშვილის მოქმედებების უკან წმინდა პოლიტიკური გათვლა დგას, რომელსაც სხვა დეპუტატები ხელისუფლებაში მოსახვედრად იყენებენ, უკრაინის სისუსტეს კი მთელი მსოფლიო ხედავს.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, კიევის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.უკრაინის გენერალური პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს. პროკურატურას გასაჩივრებისთვის 5 დღე აქვს.
უკრაინის პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკითხვაზე 18 დეკემბერს დაიბარა.