ზამთრის სეზონთან ერთად აქტუალური გახდა გრიპის ვირუსი – მოულოდენალად დაწყებული ყელის ტკივილი, ცემინება, სურდო, თავის ტკივილი. თქვენ ნელ-ნელა კარგავთ შრომისუნარიანობას და ავად ხდებით. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, ეს არის სეზონული გრიპი. ზამთრის სეზონზე, ისევე, როგორც გვიან შემოდგომასა და ადრეულ გაზაფხულზე ვირუსი ადვილად მრავლდება.
გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. არსებობს გრიპის ვირუსის 3 ტიპი: A (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B და C. B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.
ინფექციის გავრცელების მიზეზად მიიჩნევა დაავადებული ადამიანი,რომელიც ხველის, ცემინების და ლაპარაკის დროს ვირუსს ავრცელებს 1,5 მეტრის რადიუსში.
ზოგადად გრიპის ვირუსების რეზერვუარად ითვლება წყალზე მიგრირებადი ფრინველები, თუმცა ანთროპონოზული სეზონური გრიპის ვირუსის რეზერვუარი დაავადებული ადამიანია. გრიპი გადამდებია დაავადების პერიოდში გამოჯანმრთელებამდე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სეზონურიგრიპის ერთადერ პრევენციულ ღონისძიებად ყოველწლიური ვაქცინაცია მიიჩნევა. საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვა და მაღალი რისკის ჯგუფებისათვის უსასყიდლოდ მიწოდება. რისკის ჯგუფების დადგენა ხდება მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორში მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების მიერ, ასევე, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაოების ანალიზის შედეგად. 2016-2017 წლის გრიპის სეზონისათვის სულ სახელმწიფომ შეისყიდა 20 000 გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. 2017-2018 წლის სეზონზე შეძენილ იქნა 27 000 ვაქცინა, რომელიც, მოთხოვნის შესაბამისად, უკვე განაწილებულ იქნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში.
სეზონური გრიპი, გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. ამჟამად, საქართველოს ყველა რეგიონში ძირითადად A/H1p ცირკულირებს.
გრიპის გავრცელების შეზღუდვის მექანიზმი
იმუნიზაცია
დაავადებული ადამიანის იზოლაცია
თვითიზოლაცია ბინაზე
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავის არიდება
დახურული სივრცეების განიავება
სველი წესით დალაგება
ხელის ჰიგიენა
რესპირატორული ჰიგიენა/ხველის „ეტიკეტი“
დაიფარეთ პირი
დაიბანეთ ხელები
ნიღბის გამოყენება ცხელებით და ხველით მიმდინარე შემთხვევებში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ ჯანრმთელი ადამიანის მიერ ნიღბის ტარება არავითარი ეფექტის მატარებელი არ არის და ის პირიქით, ვირუსის ცხოველმყოფელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
„რეალურად, ეფექტურია, ჩვეულბრივი ნიღბის გამოყენება, როდესაც მას იყენებს ავადმყოფი და ამით ზღუდავს ინფიცირებული წვეთების გავრცელებას. არავითარი ეფექტის მატარებელი არ არის ჯანმრთელმა ადამიანმა ატაროს ნიღაბი. მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ის მაშინვე ინესტება და კიდევ უფრო უკეთესი გარემო ხდება მასზე გრიპის ვირუსის ცხოველმყოფელობის შენარჩუნებისთვის“- ამბობს ხათუნა ზახაშვილი.
სპეციალისტი განმარტავს, რომ გრიპის ვირუსის ინაქტივაციისთვის ეფექტურია ხელის დაბანა ჩვეულებრივი საპნითა და წყლით, ასევე სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებებით.
გრიპის სიმპტომების გამოვლენა ჩვეულებრივ იწყება ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 1-4 დღის შემდგომ, საშუალოდ 2 დღის განმავლობაში.
უმეტესწილად გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღის (ზოგჯერ – მეტიც) განმავლობაში. ბავშვები ჩვეულებრივ 7 დღეზე მეტ ხანს არიან გადამდებები.
ვირუსი გართულებების გარეშე მიმდინარეობისას 1‐4 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და მე‐7‐10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება.
გადატანილი ინფექციის შემდეგ 14‐20 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარჩეს სასუნთქი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება (ასთენიური სინდრომი).
გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა – მოერიდეთ მასიური თავშეყრის ადგილებს!
გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! როგორც ჯანმრთელებმა, ასევე გრიპით დაავადებულმა პირებმა, შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა; რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით; დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს; ჩაიტარეთ სიმპტომური მკურნალობა – მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები (გარდა ასპირინისა), ტკივილდამაყუჩებლები და ა.შ.იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!