ოდესის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ, სოციალურ ქსელში აქტიური საუბრები დაიწყო საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების გარიგებაზე, რომ თითქოს, ორი ხელისუფლება სააკაშვილის შესახებ შეთანხმდა და მისი პოლიტიკური მომავალი გადაწყვეტილია. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ფეისბუქ-გვერდზე გამოხატა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა.
“გარიგება შედგა საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორისო, ნაცმოძრაობა და მისი მომხრეები ამტკიცებენ და რაზე გარიგდნენ ვერ გავიგე: მიშას გათავისუფლებაზე?” – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა და იგი დარბაზიდან გაათავისუფლა.
აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შუამდგლომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აიყვანეს.