მე ვაჩვენე, როგორ შეიძლება იმუშაოს პრეზიდენტმა, ახლა ვაჩვენებ, როგორ შეიძლება, რომ მოკვდეს – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისი აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყდეს:
“მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, რომელიც აჩვენებენ უკრაინელების ღირსებას, თუ როგორი პრინციპები აქვთ უკრაინელებს და როგორ უყვართ თავისუფლება. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი კონფრონტაცია, მე არანაირი მძაფრი ქმედებებისკენ არ მოვუწოდებ, ეს მოძრაობა გაფართოვდება, რადგან ეს არ არის მოძრაობა სააკაშვილისთვის, ხალხი ქუჩაში სააკაშვილისთვის არ გამოდის. მე არ მეშინია. მათ შეუძლიათ მე მომკლან, მაგრამ ვერასოდეს მოკლავენ უკრაინელ ერს და მათ მისწრაფებას თავისუფლებისადმი. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ამის შესახებ ველაპარაკებოდი ჩემს მეუღლეს, მან მიიღო ჩემი გადაწყვეტილება. ეს მისთვის რთული არჩევანია, მაგრამ მხარი დამიჭირა. იცხოვრო გისოსებში, იყო ოლიგარქიის პირადი პატიმარი. მე საკუთარი თავი ტყვედ მიმაჩნია უკრაინული ოლიგარქიის, ვლადიმერ პუტინისა და ყველა იმ ბინძური ძალის, რომლებიც უკრაინას ანადგურებენ. თავი დაკავებულად არ მიმაჩნია, ვფიქრობ, რომ ვარ სამხედრო ტყვე, რადგან ისინი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ. ისინი ვერ გაერთობიან ჩემი გისოსებს მიღმა ყურებით, ისინი ჩემს ღირსეულ შიმშილობას ნახავენ. მე ვაჩვენე, როგორ შეიძლება იმუშაოს პრეზიდენტმა, ახლა ვაჩვენებ, როგორ შეიძლება, რომ მოკვდეს.”-განაცხადა სააკაშვილმა.
ამ წუთებში, კიევში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.
მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.