ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სკოლებში მოსწავლეების ჩანთების შემოწმებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრი განმარტებას აკეთებს

სკოლებში მოსწავლეების ჩანთების შემოწმებასთან დაკავშირებით, განათლების და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განმარტებებს აკეთებს. მისი თქმით, ეს პროცესი  პიროტექნიკის საკითხს უკავშირდება.

მინისტრის ეს კომენტარი დღეს დილით, მოსწავლეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება, რომ ზოგიერთ სკოლაში,  მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები უფროსკლასელებს ჩხრეკდნენ.

“ეს დაკავშირებულია საახალწლო პიროტექნიკასთან. ხდება შემოწმება, რომ მოსწავლეებმა საახალწლო პიროტექნიკა არ შეიტანონ სკოლაში. ეს ხდებოდა შარშან და ხდება წელს. ჩვეულებრივი პროცედურაა”, – განაცხადა ჩხენკელმა.

თბილისის ზოგიერთ სკოლაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. შესაბამისი ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებმა დაადასტურეს.

მათი განმარტებით, მანდატურის სამსახურმა მაღალი კლასების მოსწავლეების შემოწმება დაიწყო. კერძოდ, როგორც მოსწავლეები აცხადებენ, მანდატურები მე-8 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სკოლაში შესვლისას ჩანთებს უმოწმებენ.

თავად განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „მანდატურის სამსახურის“ ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის, შორენა ზედგინიძის თქმით, მანდატურის სამსახურს გონივრული ეჭვის საფუძველზე მოსწავლეების პირადი გასინჯვის უფლება აქვს.

 

ჩხენკელის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლასთან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მეთვალყურეობას გააძლიერებენ. მინისტრის თქმით, ასევე გადაიხედება მანდატურის სამსახურის ფუნქციები.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

იტვირთბა....