ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საყვარელიძე: სააკაშვილის დაკავების ნებისმიერი მცდელობა პოროშენკოსთვის მძიმედ დასრულდება

სააკაშვილის თანამებრძოლი და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ნებისმიერი მცდელობა უკრაინის ხელისუფლებისთვის მძიმე გადასატანი იქნება. მისი თქმით, საერთაშორისო რეაქცია საკმად მძიმეა იმ პროცესების მიმართ, რაც ახლა უკრაინაში ვითარდება და პოროშენკოსთვის კარგს არაფერს მოიტანს.

„ნებისმიერი ძალისმიერი მცდელობა ბანაკის დარბევის, ან მიშას დაჭერის, მათთვის ძალიან მძიმე გადასატანი იქნება, განსაკუთრებით იმ საერთაშორისო რეაქციის ფონზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი მეგობრის, ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის მოხსნას, განსაკუთრებით მუქარას, რომ აშშ-მ შეიძლება გადახედოს მათ პოლიტიკას უკრაინის ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ კიევშ მიმდინარე აქციაზე.

შეგახსენებთ, სამართლადამცველები ორი დღის წინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.

სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს. უკრაინის პროკურატურამ მასზე ძებნა გამოაცხადა, თუმცა სააკაშვილის დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა.

 

იტვირთბა....