ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პალესტინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს: გააუქმოს აშშ-მ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება

პალესტინამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნა. მიმართვაში ნათქვამია, რომ  აშშ-მ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება უნდა გააუქმოს. წერილში აღნიშნულია, რომ ამერიკის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი „ცალმხრივი და პროვოკაციულია“.

„გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ განიხილონ ეს მნიშვნელოვანი საკითხი და სწრაფად იმოქმედონ, რათა თავიანთი ვალდებულება შეასრულონ. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაადასტუროს მკაფიო სამართლებრივი პოზიცია იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, დაადასტუროს ამ სტატუსის ნებისმიერი დარღვევის მიუღებლობა და მოითხოვოს აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გაუქმება“, – ნათქვამია წერილში.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.

თურქეთის პრეზიდენტის  რეჯებ  ტაიპ ერდორანის განცხადებით,  იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება გაუგებარი ფაქტია. ის  აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გმობს. ერდოღანის თქმით, აშშ-მ გათელა იერუსალიმის შესახებ გაერო-ს 1980 წლის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არავის დაურღვევია. მისი აზრით, ეს თემა მხოლოდ მუსლიმებს არ ეხებათ და ქრისტიანების პრობლემაც არის. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის დასავლეთის ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთანაც ისაუბრებს.

„მე განვაგრძობ სატელეფონო მოლაპარაკებებს იერუსალიმის საკითხზე ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს დასავლელ ლიდერებთან, რომის პაპთანაც. ასევე ვისაუბრებ ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთან. ეს თემა მხოლოდ მუსლიმებს არ ეხება. ეს თემა ქრისტიანებსაც ეხება.
შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისი თქმა სურდა ტრამპს ამ გადაწყვეტილებით.

ის ახლა მიქსერის როლს თამაშობს და მთლიანად რეგიონის შენჯღრევას ახდენს. ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება, არამედ მშვიდობის დამყარება უნდა მოახდინონ. თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს“, – დასძინა ერდოღანმა.

 

 

 

იტვირთბა....