საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხადაჭერას ამერიკა აუცილებლად დააფიქსირებს. ის არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის დაკავება, ზუსტადაც უკრაინის ხელისუფლების ამერიკასთან დაპირისპირების პასუხად ხდებოდეს. მისი განცახდებით, სააკაშვილს ამერიკაში ფართო აუდიტორია და მომხრეები ჰყავს.
ექსპერტი ფიქრობს, რომ ამერიკაში სააკაშვილის უფრო სჯერათ ვიდრე პოროშენკოსი. მითუმეტეს იმ ბრალდებების ფონზე, რომელიც მას უკრაინის პროკურატურამ წაუყენა და ფაქტობრივად რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. ამას კი ჩიტაძის აზრით, არცერთი უკრაინელი არ დაიჯერებს.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ პოროშენკოს ქმედებები უკვე არაადეკვატური და არარეალურია, რაც პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებში ნათლად ჩანს. მისი აზრით, უკრაინის პრეზიდენტის ამ შეცდომებს ხალხი იმისთვის გამოიყენებს, რომ პოროშენკო ხელისუფლებას ჩამოაშორონ.
„პუტინისთვის და კრემლისთვის მიხეილ სააკაშვილიც და პოროშენკოც ურივე მიუღებელი ფიგურაა, შესაბამისად, მისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს უკრაინის ხელისუფლებაში ვინ იქნება. თუმცა ალბათ თუ არჩევანის გაკეთებაზე იქნება საუბარი, რუსეთი მაინც პოროშენკოს აირჩევს.
რუსეთისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი უკრაინაში დაძაბულობა და შიდა არეულობაა. პუტინი ახლა უკრაინაში მიდმინარე მოვლენებით ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს. ცუდი ის არის, რომ შესაძლოა კრემლმა ეს მდგომარეობა სათავისოდ გამოიყენოს და აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს“,-ამბობს „მეტრონომთან“ ჩიტაძე.
უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანის ლარისა სარგანმის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ეძებენ, რომლებშიც შედის: დანაშაულის მცდელობა; პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით; დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.
„სააკაშვილი ძებნაშია და ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მეორე ნაწილით და 256-ე მუხლის მეორე ნაწილით“, – განაცხადა გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა.
მიხეილ სააკაშვილს ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ეძებს.
შეგახსენებთ, სამართლადამცველები გუშინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.
სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს.