უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ უკრაინის პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ის 12 თანამშრომელი, რომელსაც გუშინ სააკაშვილი დასაკითხად მიჰყავდათ, ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეები არიან, რომლებმაც ბრძოლები გაიარეს და კანონის მიხედვით ცეცხლი უნდა გაეხსნათ.
მისი თქმით, ისინი ასე არ მოქცეულან, რადგან ხელისუფლება სახელმწიფოზე ფიქრობს, ხოლო სააკაშვილი კი კურჩენკოს ფულით ნაყიდი ხალხის ზურგს უკან მიმალვით პირად კომფორტზე ფიქრობს.
„ჩვენ მომავალშიც ვიფიქრებთ სახელმწიფოზე, ზოგჯერ ჩვენ ხელთ არსებული უფლებების გამოუყენებლობით, თუმცა სააკაშვილი დაკავებული იქნება“, – აღნიშნა პროკურორმა.
შეგახსენებთ, სამართლადამცველები გუშინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.
სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს.
ახლა სააკაშვილს ხელისუფლებამ 24 საათი მისცა ვადა, რის შემდეგაც მას დააკავებენ. უკრაინული მედია იმასაც წერს, რომ დღეს საღამოს მის დასაკავებლად სპეცოპერაცია იგეგმება.