ე.წ. ციანიდის საქმეზე კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ფირცხალავა ხელახლა აღარ დაიკითხება. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
შუამდგომლობა დეკანოზის ადვოკატებმა დააყენეს, რომელიც ირაკლი ფირცხალავას დაკითხვას ეხებოდა. რაც შეეხება მეორე შუდგომლობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით, ნეიტრალური იურისტის ნონა თოდუას მიერ ამ საქმეზე მომზადებული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაერთო.
საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ კი განაცხადა, რომ ირაკლი ფირცხალავა არის მოწმე, რომლის ჩვენებაც არც ერთ მოსამართლეს, საქართველოს მართლმსაჯულების ინტერესში არ გაუთვალისწინებია. როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარეს ჰქონდა საშუალება ფირცხალავა პირველ ინსტანციაში დაეკითხა.
ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში, 20 დეკემბერს განახლდება. ამ პროცესზე გეგმავს დაცვის მხარე კიდევ ერთი შუამდგომლობის დაყენებას, რომელიც სახალხო დამცველის მიერ ამ საქმეზე მომზადებული დასკვნის მტკიცებულებად დართვას ეხება.
დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას საქალაქო სასამართლომ 9 წლით პატიმრობა იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის და განზრახ მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის მიუსაჯა. ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რის საფუძველზეც დღეს საქმის ხელახალი განხილვა სააპელაციო სასამართლოში დაიწყო.
ავტორი: ნინო ცხადაია