მიხეილ სააკაშვილის წარუმატებელი დაკავების მცდელობის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ პირველი განცხადება გააკეთა. პეტრე პოროშენკოს თქმით, მისი გაკვირვება რთულია, თუმცა გუშინდელმა მოვლენებმა მთელი უკრაინა შოკში ჩააგდო.
განცხადება პრეზიდენტმა ლვოვის ოლქში გააკეთა, სადაც შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.
“მტერი სულ უფრო დიდ ფსონს დებს, რომ დარტყმა მოგვაყენოს ზურგში, აგვაფეთქოს შიგნიდან, მოახდინოს ვითარების დესტაბილიზაცია უკრაინაში. ამის შესახებ არა ერთხელ მითქვამს, რომ მოსკოვში ძალას არ იშურებენ. მათ ფულიც საკმარისად აქვთ.
ვფიქრობდი, რომ ჩემი გაკვირვება რაიმეთი რთული იყო, თუმცა, რაც გუშინ დაინახა და მოისმინა მთელმა ქვეყანამ ყველას თავზარი დასცა და შოკში ჩააგდო. რაც მახარებს არის ის, რომ უკრაინელები ჩვენს ძალოვანებზე ადრე მიხვდნენ, რომ კამპანია მოსკოვისგან იყო დაფინანსებული და ამიტომაც მოახდინეს რადასთან არსებული ბანაკის იგნორირება,“- აღნიშნა პოროშენკომ.
უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანის ლარისა სარგანმის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ეძებენ, რომლებშიც შედის: დანაშაულის მცდელობა; პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით; დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.
„სააკაშვილი ძებნაშია და ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მეორე ნაწილით და 256-ე მუხლის მეორე ნაწილით“, – განაცხადა გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა.
მიხეილ სააკაშვილს ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ეძებს.
შეგახსენებთ, სამართლადამცველები გუშინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.
სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს.